საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმი

გაიხსნა 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, საქართველოს ფიზიკური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. ამ საქმის თაოსნები იყვნენ მიხეილ გორგაძე, გიორგი მერკვილაძე, ისაკ კიზირია და სხვები. 1977 წლიდან მუზეუმი გადაიტანეს თბილისის სპორტის სასახლეში, 2005 წლიდან კი განთავსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შენობაში. აქ დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი – თასები, მედლები, ფოტოები, აფიშები, ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები. მუზეუმს მრავალი წლის განმავლობაში უანგაროდ ემსახურებიან ფონდების შემნახველი ლილი ლომსაძე და მეცნიერ-თანამშრომელი აზა მოგელაძე.